„ევრონიუსი“ – 2026 წელს ევროპაში ბუნებრივი აირი 120%-ით გაძვირდა, გაზსაცავებში მარაგები სათანადოდ არ არის შევსებული და მიწოდების რისკები ევროპას ზამთრის წინაშე დაუცველს ტოვებს
2026 წელს ევროპაში ბუნებრივი აირი 120%-ით გაძვირდა, გაზსაცავებში მარაგები სათანადოდ არ არის შევსებული და მიწოდების რისკები ევროპას ზამთრის წინაშე დაუცველს ტოვებს, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, რეკორდული სიცხე ევროპაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნას ზრდის, ხოლო გვალვა ჰიდროელექტროსადგურებისა და ატომური ელექტროსადგურების გამომუშავებას ამცირებს. შედეგად, ენერგიის დანაკლისის შევსება გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებით ხდება.
„ეს იმ დროს ხდება, როდესაც ევროპამ გაზის მარაგების შევსება უნდა დააჩქაროს ზამთრისთვის“, – წერს „ევრონიუსი“.
სტატიის მიხედვით, შექმნილი სიტუაცია უკვე აისახა გაზის ფასებზე. ჰოლანდიური TTF-ის ფიუჩერსები, რომელიც ევროპის გაზის მთავარი საორიენტაციო ინდექსია, 2026 წლის დასაწყისიდან დაახლოებით 120%-ით გაიზარდა და 18 აგვისტოსთვის დაახლოებით 63,7 ევროს მიაღწია მეგავატ/საათზე.
ცნობისთვის, ევროპა, როგორც წესი, ბუნებრივი აირის მარაგს ზაფხულში ავსებს, რათა ზამთარში საკმარისი რესურსი ჰქონდეს.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, წელს მარაგების შევსების პროცესს არაერთი პრობლემას დაემთხვა.
ჰორმუზის სრუტე პრაქტიკულად ჩაკეტილი რჩება, ნორვეგიამ გაზის საბადოებზე ტექნიკური სამუშაოების გამო შეზღუდვები გაახანგრძლივა, ხოლო გვალვამ ჰიდროელექტრო და ატომური ენერგიის გამომუშავება შეამცირა. ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდისა და სიცხის ფონზე გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებმა დანაკარგის ნაწილის კომპენსირება დაიწყეს. ამიტომ მოთხოვნა გაიზარდა სწორედ იმ საწვავზე, რომლის მარაგების შექმნაც ევროპას ზამთრისთვის სჭირდება. შედეგად, ბაზარზე თავისუფალი რესურსი ძალიან მცირეა.
„მიწოდების მხრივ რამდენიმე რისკი უკვე რეალობად იქცა, ხოლო გათბობის სეზონის წინ გაზსაცავებში მარაგები ისტორიულად დაბალ დონეზეა“, – განაცხადა ევრონიუსთან საუბარში Oxford Economics-ის ეკონომისტმა, დანიელ კრალმა.
„ევრონიუსის“ ცნობით, ევროპის გაზსაცავები აგვისტოს დასაწყისში დაახლოებით 57%-ით იყო შევსებული.