„ევროლიგის“ მოქმედმა ჩემპიონმა „პანათინაიკოსი“ დაამარცხა
„ევროლიგის“ მოქმედმა ჩემპიონმა „პანათინაიკოსი“ დაამარცხა

საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშების მე-18-ე ტურის ცენტრალური მატჩი სტამბოლში შედგა, სადაც ადგილობრივმა „ფენერბახჩემ“ გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი, ათენის „პანათინაიკოსი“ მიიღო.

შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. ბოლო მეოთხედის წინ, სტამბოლელები სამი ქულის სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა თამაშის ბოლო პერიოდი ევროლიგის მოქმედმა ჩემპიონმა მაღალ დონეზე ჩაატარა და, საბოლოოდ, 67-62 მოიგო.

ამ რთული გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ჯეისონ ტომპსონი გახლდათ. თურქული კლუბის ამერიკელმა ლეგიონერმა 14 ქულა გააკეთა, ტომპსონთან ერთად, იან ვესელი და კოსტას სლუკასიც გამოირჩნენ.

ჩეხმა კალათბურთელმა 12 ქულა და რვა მოხსნა მოიპოვა, ხოლო ბერძენი გამთამაშებლის ანგარიშზე 11 ქულაა.

სტუმართა შორის 14 ქულით საუკეთესო კრის სინგლტონი იყო. ნიკ კალატესმა ათენელებს 13 ქულა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შესძინა.

აღსანიშნავია, რომ ამ შედეგის შემდეგ, ორივე გუნდს მოგება-წაგების თანაბარი მაჩვენებლები აქვთ და სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.

დღესვე, მოსკოვის „ცსკა“-მ საკუთარ დარბაზში სტამბოლის “ეფესი“ უშანსოდ, ანგარიშით 110-79 დაამარცხა და გათამაშების ლიდერია.