„ევროლიგაში“ ფავორიტებმა მოიგეს
„ევროლიგაში“ ფავორიტებმა მოიგეს

საკალათბურთო ევროლიგის მე-20 ტურში მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს ტურნირის მთავარმა ფავორიტებმა. მოქმედმა ჩემპიონმა, „ფენერბახჩემ“ სტამბოლში „ბარსელონას“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 88-82 აჯობა.

აღსანიშნავია, რომ სტამბოლური კლუბი, რომელიც აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა, რიგ ეპიზოდებში არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. „ფენერმა“ პირველი ტაიმი ორი ქულის სხვაობით დათმო. ობრადოვიჩის გუნდმა მესამე მეოთხედში ათქულიანი ჰანდიკაპი აიღო და თითქოს მეტოქეს გაექცა, თუმცა „ბარსამ“ ბოლომდე იბრძოლა და თამაშის უკანასკნელ წამებს ინტრიგა დაუტოვა.

შეხვედრის ფინიში საკმაოდ გაიწელა, რაც ტაქტიკურ ფოლებში აისახა. საბოლოოდ, „ფენერბახჩემ მაინც მოიპოვა დაგეგმილი გამარჯვება.

დღევანდელ თამაშში სატმბოლელებს ბრედ ვანამეიკერმა ულიდერა 24 ქულითა და შვიდი შედეგიანი გადაცემით. 23 ქულა გააკეთა ნიკოლო მელიმ. თურქულმა კლუბმა, ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

პირველობას ჯერ არავის უთმობს „ცსკა“. მოსკოველებმა საკუთარ დარბაზში გერმანული „ბროზე“ დამაჯერებლად, ანგარიშით 81-72 დაამარცხეს. თამაშის ბოლო წუთებს ინტრიგა აღარ ჰქონდა.

დიმიტრის იტუდისის გუნდში გამორჩეული ნანდო დე კოლო გახლდათ. ფრანგმა უკანახაზელმა 20 ქულა ოთხი პასი და ორი მოხსნა მიითვალა აქტივში.

13 ქულა და ექვსი შედეგიანი გადაცემაა სერხიო როდრიგესის მონაგარი. „ცსკა“-ს 20 ტურის შემდეგ, 16 მოგება და მხოლოდ ოთხი მარცხი აქვს. მოსკოვური კლუბი მომდევნო ტურში მადრიდის „რეალს“ მიიღებს. დღესვე ბელგრადის „ცრვენა ზვეზდამ“ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ 89-78 მოუგო.