ევროლიგა | „ვალენსიამ“ „პანათინაიკოსს“ ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
საინტერესოდ დასრულდა ევროლიგის მეოთხედფინალური ეტაპი. მადრიდის „რეალი“, „ოლიმპიაკოსი“ და „ფენერბაჰჩე“ ოთხთა ფინალში მეოთხე გუნდს ელოდნენ. ეს ან „პანათინაიკოსი“ უნდა ყოფილიყო, ან „ვალენსია“.
ამ გუნდების მეოთხედფინალური სერია ბერძნულმა „პანათინაიკოსმა“ კარგად დაიწყო – ვალენსიაში ორივე მატჩი მოიგო და 2:0 დაწინაურდა. სერია 3 მოგებამდე იყო, შესაბამისად, ალბათ ვერავინ იფიქრებდა (ვალენსიელთა გარდა), რომ მომდევნო ეტაპზე ესპანელები გავიდოდნენ.
„ვალენსიამ“ „პანათინაიკოსს“ ათენში ჯერ ერთი მატჩი მოუგო, შემდეგ ანგარიში გაუთანაბრა და 2:2-ზე გუნდები ესპანეთში ჩავიდნენ. გადამწყვეტ მატჩში კიდევ უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა „ვალენსია“, რომელმაც მეტოქეს 81:64 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.
წარმატებაში 20-ქულიანი წვლილი შეიტანა სენეგალელმა გამთამაშებელმა ბადიომ, თუმცა ასეთ დროს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 0:2-დან 3:2-ის მოგება უმთავრესად ვალენსიელთა მთავარი მწვრთნელის, პედრო მარტინესის დამსახურებაა.
ოთხთა ფინალის საწყისი ორი მატჩი 22 მაისს გაიმართება. ათენში, „პანათინაიკოსის“ არენაზე „ვალენსია“ „რეალს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ოლიმპიაკოსი“ – „ფენერბაჰჩეს“.