ევროკომისიის წარმომადგენელმა, კატარინა მატერნოვამ კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის მაგალითად საქართველო დაასახელა
ევროკომისიის წარმომადგენელმა, კატარინა მატერნოვამ კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის მაგალითად საქართველო დაასახელა

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის მაგალითად საქართველო დაასახელა.

ამ თემაზე კატარინა მატერნოვამ ონლაინბრიფინგზე ისაუბრა. ბრიფინგი ეხებოდა კორონავირუსის პანდემიის დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას, მედიისადმი მხარდაჭერასა და ვირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციაზე ევროკავშირის რეაგირებას.

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებით ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში განსხვავდება დასავლეთ ევროპასთან შედარებით. ასევე, ვხედავთ, რომ ის სხვადასხვაგვარია წევრ ექვს ქვეყანას შორისაც. მაგალითად, საქართველომ იმოქმედა ძალიან სწრაფად ვირუსის გავრცელების შეკავების კუთხით. ასე რომ, აქ სამედიცინო თვალსაზრისით შექმნილი სიტუაცია არ არის ცუდი, ინფიცირების შემთხვევების როდენობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის. თუმცა, ეკონომიკური გავლენა არის უკიდურესად მძიმე. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ვითარება ბელარუსში, სადაც არ მიმართეს შემაკავებელ ზომებს და ვირუსის გავრცელებამ მკვეთრად იმატა“,- აღნიშნა მატერნოვამ.

მისივე თქმით, პანდემიის ფონზე ევროკავშირის დახმარება არის სამი სახის. პირველი არის სწრაფი ჰუმანიტარული და სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება, მეორე – ინსტიტუციურად ქვეყნების სამედიცინო და ჯანდაცვის სისტემების მხარდაჭერა და მესამე – ეკონომიკური აღდგენისკენ მიმართული ზომები.

„მიმდინარე კვირაში ევროკომისიამ წარადგინა ფინანსური დახმარების ყოვლისმომცველი პაკეტი, რომლითაც რეგიონის სამი ქვეყნისთვის – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის გათვალისწინებულია დიდი პაკეტები, კერძოდ უკრაინისთვის 1,2 მილიარდი, საქართველოსთვის 150 მილიონი და მოლდოვასთვის  – 100 მილიონი.  პაკეტი დაკავშირებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის სწრაფ საგანგებო მექანიზმთან“, – აღნიშნა მან.

ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირმა ასევე გააძლიერა სწრაფი რეაგირების მექანიზმი, რომელიც რეგიონში სხვადასხვა საქმიანობის ხელშესაწყობად შექმნილი ინსტრუმენტია.

„მაგალითად, საქართველოში სამედიცინო ტექსტილის მწარმოებელმა გამოუშვა 40 ათასზე მეტი სამედიცინო ხალათი ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც დამატებით 12 სამკერვალო დაზგა მიიღო ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით“, -აღნიშნა კატერინა მატერნოვამ.

ასევე ევროპელმა დიპლომატმა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, ბრიფინგზე აღინიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი აქტივობა შეჩერდა.