ევროკომისიის შეფასებით, 2026 წელს მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი ძირითადად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსებზე გლობალური ფასების მატებით აიხსნება
ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, გლობალური ენერგორესურსებისა და მიწოდების ჯაჭვების ცვლილებების ფონზე, საქართველოში ინფლაციური წნეხი შენარჩუნებულია.
კერძოდ, ევროკომისიის შეფასებით, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 5.4%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც ძირითადად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსებზე გლობალური ფასების მატებით აიხსნება.
ევროკომისიის პროგნოზით, 2027 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება.
ამასთან, ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქონლის ექსპორტი (განსაკუთრებით ნავთობპროდუქტების ხარჯზე). იმპორტის შედარებით ნელი ზრდის ფონზე, წმინდა ექსპორტმა ეკონომიკურ ზრდაში დადებითი წვლილი შეიტანა.
ევროკომისიის შეფასებით, მომდევნო წლებში საინვესტიციო აქტივობის შენარჩუნებაა მოსალოდნელი, რასაც, კერძო სექტორის მდგრადობასთან ერთად, გადავადებული სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების განახლებაც შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.3%-მდე გაზარდა.