ევროკომისიის პრეზიდენტი - ჩემი კოლეგებისგან მოველი, რომ „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებულ ზომებს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდებიან
ევროკომისიის პრეზიდენტი - ჩემი კოლეგებისგან მოველი, რომ „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებულ ზომებს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდებიან

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის, ფილ ჰოგანის თანამდებობიდან გადადგომას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა.

როგორც მან სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა, ის პატივს სცემს ფილ ჰოგანის გადაწყვეტილებას და გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მოხელეები გააფრთხილა, „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებულ შეზღუდვებს განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

„მაშინ, როცა ევროპელები მიდიან მსხვერპლზე და მტკივნეულ შეზღუდვებს ითვალისწინებენ, ჩემი კოლეგებისგან მოველი, რომ ეროვნულ თუ რეგიონალურ ზომებსა და რეკომენდაციებს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდებიან“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი ფილ ჰოგანი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ირლანდიის მთავრობამ ის კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევაში დაადანაშაულა. ფილ ჰოგანი 19 აგვისტოს ვახშამს ესწრებოდა, სადაც მასთან ერთად კიდევ 80-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ის წუხს, რომ მისმა მოგზაურობამ ირლანდიაში ასეთი შეშფოთება და გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა, აღნიშნავს, რომ მას ზომები არ დაურღვევია.