ევროკომისიის პრეზიდენტი - ბელარუსის რეჟიმის აღმაშფოთებელ და უკანონო ქცევებს შედეგები მოჰყვება, „რაინეარის“ თვითმფრინავის გატაცებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ
ევროკომისიის პრეზიდენტი - ბელარუსის რეჟიმის აღმაშფოთებელ და უკანონო ქცევებს შედეგები მოჰყვება, „რაინეარის“ თვითმფრინავის გატაცებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„ბელარუსის რეჟიმის აღმაშფოთებელ და უკანონო ქცევებს შედეგები მოჰყვება. „რაინეარის“ თვითმფრინავის გატაცებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ევროკომისია ხვალ განიხილავს სამოქმედო ზომებს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.

პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე იუწყებოდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ და მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ.

რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.