ევროკომისიის პრესსპიკერი - სლოვაკეთმა ჯერ კიდევ 2022 წელს აიღო ვალდებულება, უარი ეთქვა რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ პოლიტიკურ ღონისძიებაში მონაწილეობაზე და ამ ვალდებულებას უნდა დაემორჩილოს
ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სლოვაკეთმა ჯერ კიდევ 2022 წელს აიღო ვალდებულება ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების ფარგლებში, უარი ეთქვა რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერ პოლიტიკურ ღონისძიებაში მონაწილეობაზე და ამ ვალდებულებას უნდა დაემორჩილოს. ამის შესახებ ჰიპერმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ აღნიშნა, რომ „არავის აქვს უფლება, უკარნახოს მას“, მოსკოვში წავიდეს თუ არა.
ევროკომისიის პრესსპიკერის თქმით, ჯერ კიდევ 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, უარი ეთქვათ რუსეთიდან მიღებულ ყველა მოწვევაზე, მათ შორის ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა 9 მაისის აღლუმი.
ამასთან, ჟურნალისტმა კითხვა დასვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის ლიდერის, სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მოსკოვში შესაძლო ვიზიტის შესახებაც, რაზეც გაფართოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, გილიო მერსიემ უპასუხა: „სერბეთმა შეიტანა განაცხადი და აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. სერბეთის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ქვეყანას სურს, შეუერთდეს ევროკავშირს, მათ შორის საგარეო პოლიტიკის საკითხებშიც. შესაბამისად, ევროკავშირს სურს, სერბეთი იხილოს, როგორც სანდო ევროპელი პარტნიორი, რომელიც იზიარებს საერთო პრინციპებს, ღირებულებებს, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საკითხებს, და ჩვენ გვჭირდება, რომ სერბეთმა დაგვარწმუნოს ამ სტრატეგიულ პოზიციაში“.
ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 9 მაისს ის მოსკოვში იქნება. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა მოსკოვში 9 მაისის აღლუმში. ევროკავშირმა ასევე მისცა მკაფიო მითითება სახელმწიფოებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატები არიან, არ დაესწრონ 9 მაისის აღლუმს და არ განახორციელონ ვიზიტები რუსეთში.