ევროკომისიის პრესსპიკერი - შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, ქვეყანა კიდევ უფრო შორდება ევროკავშირს, ვადასტურებ, ამ ფონზე არ არის მიწვეული გაფართოების ფორუმზე
ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებული იყო მიმდინარე სიტუაციაში წინსვლის გზის პოვნაზე. შემიძლია, დავადასტურო, რომ ამ ფონზე საქართველო არ არის მიწვეული გაფართოების ფორუმზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა გაფართოების საკითხებში, გიომ მერსიემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე კარგად ჩანს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში.
„გასულ კვირას ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ და ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია საკმაოდ ნათლად იყო გამოკვეთილი. ვგულისხმობ, რომ, ყველა მოვლენის გათვალისწინებით, ანიტა ჰიპერმა უკვე გამოხატა ღრმა შეშფოთება ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გაფართოების ანგარიშს, ის კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო კიდევ უფრო შორდება ევროკავშირის გზას. ანგარიში აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების რეფორმებისგან უკან დახევა იყო და ეს ნამდვილად უპრეცედენტოა კანდიდატი ქვეყნისთვის. ამგვარად, სიტუაცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნამდვილად გაუარესდა და ჩვენ აღვნიშნეთ დემოკრატიული უკან დახევა. რაც შეეხება გაწევრიანების გზაზე არსებულ სიტუაციას, როგორც მოგეხსენებათ, 2024 წელს ევროპის საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს საქართველოს ხელისუფლებასთან, როგორც იცით, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებული იყო მიმდინარე სიტუაციაში წინსვლის გზის პოვნაზე. ასე რომ, რაც შეეხება გაფართოების ფორუმს, შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ფონზე საქართველო არ არის მიწვეული გაფართოების ფორუმზე“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, ბრიუსელში 18 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების ფორუმი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი ევროკომისიაა. ფორუმს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი უმასპინძლებს. ფორუმი სლოგანით „კავშირის სრულყოფა და ჩვენი მომავლის უზრუნველყოფა“ გაიმართება და გააერთიანებს ფართო და მრავალფეროვან მონაწილეთა წრეს. ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში ჩამოთვლილია იმ ქვეყნების ლიდერების სია, რომლებიც ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს მთავრობა ფორუმზე მიწვეული არ არის.