ევროკომისიის პრესსპიკერი - საგანგაშო შესაძლებლობა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობა კოორდინაციაში იყოს რუსეთთან, შემაშფოთებელია, უნგრეთმა სასწრაფოდ განმარტებები უნდა გააკეთოს
ევროკომისიის პრესსპიკერი - საგანგაშო შესაძლებლობა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობა კოორდინაციაში იყოს რუსეთთან, შემაშფოთებელია, უნგრეთმა სასწრაფოდ განმარტებები უნდა გააკეთოს

ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და წევრი სახელმწიფოს მთავრობის მოვალეობაა, სასწრაფოდ განმარტებები გააკეთოს – ასე ეხმაურება ევროკომისიის მთავარი პრესსპიკერი პაულა პინიო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სატელეფონო საუბრის დროს პიტერ სიიარტო სერგეი ლავროვს ევროკავშირის ლიდერების საუბრის შინაარსს პერიოდულად უზიარებდა.

შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს ბრიუსელი აღნიშნულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით და გეგმავს თუ არა რაიმე ზომის მიღებას, პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტმა განმარტება დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს.

„დიახ, ჩვენ გვაქვს რეაქცია. იმ დამატებით საგამოძიებო ჟურნალისტურ მასალაში გაჟღერებული სავარაუდო ფაქტები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მიუთითებს საგანგაშო შესაძლებლობაზე, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მთავრობა, შეიძლება, კოორდინაციაში იყოს რუსეთთან. ეს აქტიურად მუშაობს ევროკავშირისა და მისი ყველა მოქალაქის უსაფრთხოებისა და ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომ ეს უკიდურესად შემაშფოთებელია და წევრი სახელმწიფოს მთავრობის მოვალეობაა, სასწრაფოდ განმარტებები გააკეთოს. ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე წამოჭრის ამ საკითხს ლიდერების დონეზე“, – განაცხადა პაულა პინიომ.

ცნობისთვის, „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ.