ევროკომისიის პრესსპიკერი – რუსეთის ენერგორესურსებზე ევროკავშირის დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა, მომდევნო წლიდან კი დაგეგმილია მისი სრულად გაუქმება

18:21, 14.10.2026

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა მოხდება გრძელვადიან პერსპექტივაში და ეს ტენდენცია ძალიან ნათელია. 2022 წელს ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს რუსული წიაღისეული საწვავის ევროკავშირიდან თანდათანობით ამოღებას. ეს კანონმდებლობა ძირითადად ბუნებრივ აირსა და თხევად ბუნებრივ აირს ეხება. შესაბამისად, ტენდენცია ძალიან, ძალიან ნათელია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ანა-კაისა იტკონენმა განაცხადა.

მან უპასუხა შეკითხვას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2022 წლიდან დღემდე ევროკავშირმა რუსეთისგან 320,7 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსები შეიძინა.

მისივე თქმით, 2022 წლიდან დღემდე ევროკავშირმა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შეამცირა, მომავალი წლიდან კი დაგეგმილია მისი სრულად გაუქმება.

პრესსპიკერის განცხადებით, ევროკავშირმა რეკორდულად მოკლე დროში შეძლო რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება.

„არ ვაპირებ სხვა ადამიანების მიერ დასახელებული ციფრების დადასტურებას. რისი დადასტურებაც შემიძლია, არის ის, რომ რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულების მკვეთრად შემცირების ტენდენცია აშკარაა: 2022 წელს ეს მაჩვენებელი 45% იყო, ახლა კი 12%-ს შეადგენს. ჩვენ ამ დამოკიდებულებას ეტაპობრივად სრულად გავაუქმებთ იმის გათვალისწინებით, რომ შესაბამის კანონმდებლობას აქვს სხვადასხვა ეტაპი სხვადასხვა ტიპის კონტრაქტებისთვის.

ამ ეტაპზე რუსეთიდან ენერგორესურსების გარკვეული ნაწილის იმპორტი ჯერ კიდევ დაშვებულია, თუმცა მისი საბოლოო შეწყვეტის ვადა მომავალი წელია. ჩვენი მიზანია, მომავალი წლის ბოლომდე რუსეთიდან ბუნებრივი აირისა და თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი სრულად შევაჩეროთ. ეს მნიშვნელოვანია. ამ თემაზე უამრავი ციფრი ვრცელდება, კეთდება მრავალი განცხადება და გამოითქმის სხვადასხვა მოსაზრება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტენდენცია. ამასთან, უნდა ვაღიაროთ ის სამუშაო, რომელიც ჩვენმა არაერთმა წევრმა სახელმწიფომ რეკორდულად მოკლე დროში გასწია.

ბევრს არ სჯეროდა, რომ ცვლილებების ასე სწრაფად განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს ევროკავშირში გაზის ექსპორტი ცალმხრივად შეამცირა. დღეს კი რუსული გაზის იმპორტის დონე ძალიან დაბალია“, – განაცხადა მან.

პრესსპიკერის თქმით, 2023 წელს ევროკავშირის მიერ წიაღისეული საწვავის შესყიდვაზე გაწეული მთლიანი დანახარჯების მხოლოდ 6% მოდიოდა რუსეთზე. მისი განმარტებით, რუსული ენერგორესურსების იმპორტი მომავალ წელს სრულად შეჩერდება.

„2023 წელს ევროკავშირის მიერ წიაღისეული საწვავის შესყიდვაზე გაწეული მთლიანი დანახარჯების მხოლოდ 6% მოდიოდა რუსეთზე. თუმცა ზუსტი თანხების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ამ ეტაპზე რუსეთიდან ენერგორესურსების გარკვეული ნაწილის იმპორტი ჯერ კიდევ დაშვებულია, რადგან მათი იმპორტის სრულად შეწყვეტის საბოლოო ვადები მომავალი წლისთვის არის განსაზღვრული“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა 2026 წლის დასაწყისიდან 21,3 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ენერგორესურსები შეიძინა, ხოლო 2022 წლიდან დღემდე შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 320,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. მისივე თქმით, სანქციებისა და შეზღუდვების მიუხედავად, რუსეთიდან ევროკავშირის ენერგომომარაგება ზოგიერთ სექტორში კვლავ გრძელდება.

მსგავსი