ევროკომისიის პრესსპიკერი – ევროკავშირი გმობს ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას, არ ვაპირებთ მოსკოვის ხაფანგში მოხვედრას, რომლის მიზანიც შიშის დათესვაა
ევროკავშირი გმობს რუსეთის მხრიდან ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მიმართ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას და აცხადებს, რომ არ აპირებს რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში მოხვედრას, რომლის მიზანიც შიშის დათესვაა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, კრისტიან ვიგანდმა „ევროპეისკაია პრავდას“ განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთის მუქარის გავრცელებისთვის ხელის შეწყობას არ აპირებს.
„ევროკავშირი რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში არ გაებმება. ჩვენ არ გავაძლიერებთ მოსკოვის დაშინებისა და შიშის დათესვის ტაქტიკას“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
ამასთან, კრისტიან ვიგანდმა მოსკოვის ბირთვულ რიტორიკას უპასუხისმგებლო უწოდა.
„რაც შეეხება ნატო-სთვის გადაცემულ შეტყობინებას, ნება მომეცით, მივუთითო ნატო-ს მკაფიო რეაქციაზე, რომელსაც ჩვენ მივესალმებით. ჩვენ ვგმობთ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას“, – განაცხადა ვიგანდმა.
როგორც ევროკომისიის პრესსპიკერმა აღნიშნა, ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ. თუმცა, საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობის დეტალების დაკონკრეტება არ ისურვა.
ამასთან, როგორც ევროკომისიაში აღნიშნეს, რუსეთისგან მსგავსი წერილი არ მიუღიათ.
„კომისიაში წერილი არ შემოსულა“, – აღნიშნა ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ.