ევროკომისიის პრესსპიკერი - ბრალდება, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ტრადიციული ოჯახური ღირებულებებისთვის სჯის, სიმართლე არაა, ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს კულტურასა და იდენტობას
ბრალდება, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ტრადიციული ოჯახური ღირებულებების გამო სჯის, სიმართლე არ არის. ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს კულტურასა და იდენტობას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერია.
„ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერია, პატივს სცემს საქართველოს კულტურასა და იდენტობას. ადამიანის უფლებების დაცვა, ხელშეწყობა და რეალიზაცია ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებია. ეს ღირებულებები არის ვალდებულებები, რომლებსაც იზიარებს როგორც ევროკავშირი, ისე საქართველო. ამ კონტექსტში ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ რეფორმებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ყველასთვის, მათ შორის, ანტიდისკრიმინაციული დაცვის ზომებს“, – განაცხადა ლამერტმა.