ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები „რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან“ არის შთაგონებული
ევროკომისიის პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებები „რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან“ არის შთაგონებული

„ქართული ოცნების“ მხრიდან ვერბალური თავდასხმები რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობებია, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა პრესკონფერენციაზე დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ქმედებები, კონტექსტისა და ქმედებების მხრივ, „აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოს მიერ არის შთაგონებული“.

„როდესაც ვუყურებთ იმას, თუ რა ხდება საქართველოში, ვხედავთ, რომ ფაქტები სიტყვებზე ხმამაღალია. როდესაც ოპოზიციის დაპატიმრება გჭირდება, როდესაც დამოუკიდებელ მედიას დევნი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას იღებ მიზანში, როდესაც კანონების შეცვლა გჭირდება, რათა შენს მმართველ პარტიას ჰქონდეს უპირატესობა – დემოკრატიის ენით არ საუბრობ. ეს არის ჩვენი მხრიდან ქმედებები: ყოველთვის ვგმობდით ძალადობის ნებისმიერ ფორმას. ასე რომ, ამას მკაცრად ვეწინააღმდეგებით, მათ შორის ვერბალურ თავდასხმებს, რომლებსაც „ქართული ოცნებისგან“ ვხედავთ და რომლებიც რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობებია“, – განაცხადა ჰიპერმა.