ევროკომისიის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო
ევროკომისიის პრესსპიკერი მარკუს ლამერტი აცხადებს, რომ ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურა დაიწყო.
„ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია უვიზო რეჟიმი. ისინი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს და აფერხებს ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, კულტურულ, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, – აღნიშნა ლამერტმა.
ევროკომისიის წარმომადგენლის განმარტებით, პირველ ეტაპზე ევროკომისიამ თავისი შეფასება გადაუგზავნა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს. მათი მიღების შემდეგ, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეუჩერდებათ დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში.
„არსებობს შესაძლებლობა, რომ დემოკრატიის უკუსვლა თუ გაგრძელდება, ეს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, მაგრამ ეს ავტომატური არ არის“, – განაცხადა ლამერტმა.
ლამერტის თქმით, მექანიზმი პასპორტის ტიპს ეხება და არა კონკრეტულ პირებს. ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელები კვლავ შეძლებენ უვიზოდ ევროპაში მოგზაურობას.