„როიტერი“ - ევროკომისიის მიერ წარდგენილ ახალ ენერგეტიკულ გეგმას გაზის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებით, ოპონენტები გამოუჩნდნენ
„როიტერი“ - ევროკომისიის მიერ წარდგენილ ახალ ენერგეტიკულ გეგმას გაზის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებით, ოპონენტები გამოუჩნდნენ

ევროკომისიის მიერ წარდგენილ ახალ ენერგეტიკულ გეგმას, გაზის მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებით, ოპონენტები გამოუჩნდნენ. გეგმის მიხედვით, წევრმა ქვეყნებმა გაზის მოხმარება 2023 წლის 31 მარტამდე 15%-ით უნდა შეამცირონ და ამასთან შეიმუშაონ და დაამტკიცონ ეროვნული საგანგებო გეგმა.

თუმცა, როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, 27 ქვეყნიდან, სულ მცირე 12 წევრი აღნიშნულ წინადადებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. კერძოდ კი, უნდა გააჩნდეს თუ არა ევროკავშირს უფლებამოსილება სავალდებულოდ აქციოს კონკრეტული მიზანი.

დანიას, საფრანგეთს, ირლანდიას, იტალიას, მალტას, ნიდერლანდებს, პოლონეთსა და პორტუგალიას მიაჩნიათ, რომ ბრიუსელს არ უნდა ჰქონდეს ამის გაკეთების შესაძლებლობა, ცალკეული ქვეყნებისთვის ხმის ან შესაძლოა, ვეტოს უფლების მინიჭების გარეშე.

„წევრ ქვეყნებს სურთ, ჰქონდეთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად აამუშაონ კრიზისული მექანიზმები. მათ არ სურთ კომისიისთვის ამ შესაძლებლობის გადაცემა“, – ციტირებს ანონიმურ მაღალჩინოსანს „როიტერი“.

შეთავაზების მიხედვით, კომისიამ კონსულტაცია უნდა გაიაროს გაერთიანების გაზის საკოორდინაციო ჯგუფთან, რომელიც ქვეყნების წარმომადგენლებისგან შედგება, ვიდრე კონკრეტულ მიზანს სავალდებულოს გახდის.

აღნიშნულ საკითხზე ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები პარასკევს იმსჯელებენ, რაც შემდეგ უკვე ენერგეტიკის მინისტრებმა, სამშაბათს დაგეგმილ საგანგებო შეხვედრაზე უნდა დაამტკიცონ. აღნიშნული წინადადების რეგულაციად გარდასაქმნელად, სულ მცირე 15 ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება დღეს განაახლა. 10-დღიანი გეგმური სარემონტო სამუშაოების შემდეგ მიწოდება შემცირებული ოდენობით აღდგა.

გაზპრომმა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის საშუალებით ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპას გასულ თვეს ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით შეუმცირა და კანადაში სარემონტოდ გაგზავნილი ტურბინის არქონა დაასახელა. შემდეგ კი 10-დღიანი გეგმური ყოველწლიური სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ტურბინა კანადიდან გერმანიაში უკვე გაიგზავნა და ამჟამად რუსეთისკენ გზაშია. რუსეთში მას 24 ივლისისთვის ელოდებიან. თუმცა, ტურბინის გასაგზავნად, კანადას მის მიერვე დაწესებულ სანქციებზე გამონაკლისი ზომების მიღება მოუწია.