ევროკომისიის ექსპერტები ონლაინ და სოციალური მედიისთვის „ქცევის კოდექსის“ შემოღების ინიციატივით გამოდიან
ევროკომისიის ექსპერტები ონლაინ და სოციალური მედიისთვის „ქცევის კოდექსის“ შემოღების ინიციატივით გამოდიან

ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფი ონლაინ პლატფორმებისგან მეტ გამჭვირვალობას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც დღეს ციფრული ეკონომიკის ევროკომისარ მარია გაბრიელს წარუდგინეს.

„ყალბ ახალ ამბებთან“ ბრძოლის გააქტიურების მიზნით, ევროკომისიის ექსპერტები ონლაინ და სოციალური მედიისთვის სპეციალური „ქცევის კოდექსის“ შემოღების ინიციატივით გამოდიან. დოკუმენტში ჩამოთვლილია 10 პრინციპი, რომელთა დაცვასაც ონლაინ პლატფორმებს და სოციალურ ქსელებს მოსთხოვენ. ერთ-ერთი მათგანი ავალდებულებს ონლაინ პლატფორმებს, უფრო ნათლად განუმარტონ მკითხველებს, თუ რა პრინციპით მუშაობს მათი ალგორითმი და როგორ ხდება კონკრეტული „ახალი ამბების“ პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

„ევროპულ მედიასაშუალებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ ასევე მოუწოდებენ გაზარდონ სანდო ინფორმაციასთან მომხმარებელთა წვდომა. ამ პრინციპების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩვენო პერიოდში. ამავე დროს ექსპერტთა ჯგუფი გამოდის ინიციატივით, ჩამოყალიბდეს დაინტერესებული პირების ფართო კოალიცია, რათა შეთანხმებული ზომები ამოქმედდეს და რეგულარულად განხორციელდეს მათი მონიტორინგი“, – ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესსრელიზში.

ექსპერტების სამუშაო ჯგუფის წევრები ასევე გამოდიან რეკომენდაციით, გაიზარდოს მედია განათლების დონე და დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ჟურნალისტებისთვის და მკითხველებისთვის სპეციალური ხელსაწყოები შეიქმნას.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი „ყალბი ახალი ამბების“ ფენომენთან საბრძოლველად ჩამოაყალიბა. ჯგუფში გაერთიანებულია 39 ექსპერტი. მათ შორის არიან სამოქალაქო საზოგადოების, სოციალური ქსელებისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.