ევროკომისიაში არ გამორიცხავენ, რომ ამერიკულ კომპანიებს ევროპულ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა აუკრძალონ
სამრეწველო სტრატეგიის საკითხებში ევროკომისარმა, სტეფან სეჟურნემ არ გამორიცხა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკაზე პასუხის ფარგლებში ამერიკულ კომპანიებს უარს ეტყვიან ევროპულ სახელმწიფო კონტრაქტებში მონაწილეობაზე.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ამჟამად ევროკავშირში გრძელდება დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხონ უკეთ აშშ-ის მიერ შემოღებულ ტარიფებს.
„ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ გადაწყვეტილება ყველა ამერიკული კომპანიის ევროპული სახელმწიფო შესყიდვებიდან ჩამოშორების შესახებ“, – განაცხადა სეჟურნემ.
ამავე დროს ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ შეძლებს უარის თქმას ამერიკულ კომპანიებზე რიგ მომსახურებებში, კერძოდ, ციფრულ სფეროში.
„მაგრამ ჩვენ ზუსტად უნდა განვსაზღვროთ, რომელ სექტორებში და რატომ შეგვიძლია ამის გაკეთება“, – აღნიშნა სეჟურნემ.
როგორც სტეფან სეჟურნემ განაცხადა, ეს „ერთ-ერთი საკითხია, რომელიც დღის წესრიგში დგას“ და „მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ამერიკულ კომპანიებზე“.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპასთან ტარიფების ცვლილებაზე, თუ ევროპა „ყოველწლიურად ბევრ ფულს არ გადაიხდის“.