ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპულ ინსტიტუტებში უნგრეთის ჯაშუშობაზე ბრალდებებს ოლივერ ვარჰეისთან განიხილავს, თუმცა ამ ეტაპზე თანამდებობიდან გათავისუფლებას გამორიცხავს
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპულ ინსტიტუტებში უნგრეთის ჯაშუშობაზე ბრალდებებს ოლივერ ვარჰეისთან განიხილავს, თუმცა ამ ეტაპზე თანამდებობიდან გათავისუფლებას გამორიცხავს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპულ ინსტიტუტებში უნგრეთის ჯაშუშობის შესახებ ბრალდებებს კომისარ ოლივერ ვარჰეისთან განიხილავს, თუმცა ამ ეტაპზე მის თანამდებობიდან გათავისუფლებას გამორიცხავს.

„ამ დროისთვის, ეს მხოლოდ ბრალდებებია“, – განუცხადა გამოცემა „პოლიტიკოს“ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ შეკითხვაზე, მოხდება თუ არა უნგრელი ევროკომისრისთვის უფლებამოსილების შეჩერება.

ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროკომისია ყველა ბრალდებას სერიოზულად უდგება და აღნიშნა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი საკითხის განხილვას პირდაპირ ვარჰეისთან გეგმავს.

„მას ჯერ არ ჰქონია ამის გაკეთების შესაძლებლობა, მაგრამ ეს მოხდება პირველივე შესაძლებლობისთანავე. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავიცვათ ჩვენი პერსონალი, ჩვენი ინფორმაცია და ჩვენი ქსელები ინფორმაციის უკანონოდ შეგროვების ნებისმიერი მცდელობისგან“, – განაცხადა პრესსპიკერმა.

გუშინ ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ევროპულ ინსტიტუტებში უნგრეთის ჯაშუშობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს შეისწავლიან. გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის, ბელგიური De Tijd-ისა და უნგრული პორტალის Direkt 36-ის ერთობლივი გამოძიების თანახმად, ვიქტორ ორბანის მთავრობამ ბრიუსელში დაზვერვის ოფიცრები გაგზავნა ევროკავშირის ინსტიტუტების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. ჟურნალისტური გამოძიების მტკიცებით, დაზვერვის ოფიცრები დიპლომატების სახით ცდილობდნენ ევროკავშირის ინსტიტუტებში შეღწევას იმ პერიოდში, როდესაც ოლივერ ვარჰეი ევროკავშირში უნგრეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა.

ევროკომისია გავრცელებული ცნობების შესასწავლად შიდა სამუშაო ჯგუფის შექმნას აპირებს. ოლივერ ვარჰეი, რომელიც ამჟამად ჯანდაცვისა და ცხოველთა საკითხებში ევროკომისარია, ევროკავშირში უნგრეთის ელჩის თანამდებობას 2015-2019 წლებში იკავებდა. 2019-2024 წლებში ის იყო ევროკომისარი გაფართოების საკითხებში.