ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ცალმხრივი შეზღუდვები არ მოხსნა
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ცალმხრივი შეზღუდვები არ მოხსნა

უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე ცალმხრივი შეზღუდვები არ მოხსნა, – ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისიის პრესმდივანმა, მირიამ გარსია ფერერმა ისაუბრა.

„ჯერ კიდევ არის ერთი ქვეყანა, რომელსაც არ მოუხსნია ცალმხრივი შეზღუდვები უკრაინიდან სოფლის მეურნეობის იმპორტის წინააღმდეგ. ჩვენ წარმოვადგინეთ დახმარების პაკეტი იმ პირობით, რომ ცალმხრივი შეზღუდვები მოიხსნებოდა. ქვეყანა, რომელმაც ეს არ გააკეთა, არის უნგრეთი“, – განაცხადა ევროკომისიის პრესმდივანმა.

მისი თქმით, აპრილის ბოლოს ევროკომისია უკრაინის მეზობელ ქვეყნებთან შეთანხმდა პაკეტზე, რომელიც მას შემდეგ უნდა განხორციელებულიყო, რაც სახელმწიფოები გააუქმებდნენ ცალმხრივ შეზღუდვებს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის იმპორტის წინააღმდეგ.

აღნიშნული პაკეტი მოიცავდა დაზარალებული ფერმერების დახმარებასაც პოლონეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და რუმინეთში.

ამასთან, ევროკომისიის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ ევროკომისიამ მიიღო წერილი ქვეყნებისგან, რომლებიც აპროტესტებენ აღნიშნული ხუთი ქვეყნისთვის დახმარების გამოყოფას, თუმცა ის მეტ დეტალზე არ საუბრობს.

ხუთი ქვეყნიდან მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი იყვნენ ის ქვეყნები, რომლებიც არ აუქმებდნენ შეზღუდვებს, თუმცა სლოვაკეთმა ეს ნაბიჯი 12 მაისს გადადგა.