ევროკომისიაში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის დაბრუნება სანქციების დარღვევას არ წარმოადგენს
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის დაბრუნება სანქციების დარღვევას არ წარმოადგენს

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისთვის ტურბინის დაბრუნება არ წარმოადგენს სანქციების დარღვევას. „ბიბისის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ტიმ მაკფიმ განაცხადა.

მისი თქმით, კანადის მიერ ტურბინის დაბრუნება არ წარმოადგენს სასანქციო რეჟიმის დარღვევას, რადგან სანქციები არ ვრცელდება ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის განკუთვნილ აღჭურვილობაზე.

გუშინ კანადამ განაცხადა, რომ დააბრუნებს „სიმენსის“ შეკეთებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მუშაობისთვის. როგორც მედია წერს, ტურბინა გადაეცემა გერმანიას, ხოლო გერმანია გადასცემს „გაზპრომს“, რათა ოტავამ საკუთარი სანქციები არ დაარღვიოს.

რუსეთმა დღეს შეწყვიტა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის მეშვეობით ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანზიტი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას „გაზპრომი“ აუცილებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებით ხსნის და მიზეზებს შორის ზემოაღნიშნული ტურბინის არქონასაც ასახელებს.