ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა
ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროკომისიამ უნგრეთისთვის 900 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. თანხის გამოყოფა უნგრეთისთვის გაყინული აღდგენის ფონდიდან მოხდა იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი ცდილობს, უკრაინის დახმარების საკითხში ბუდაპეშტის ვეტო დაძლიოს.

ევროკომისიამ უნგრეთს პანდემიის შემდგომი ეკონომიკური სტიმულაციისთვის განკუთვნილი ფონდიდან თანხის გამოყოფა გაუყინა ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

თავის მხრივ, უნგრეთი ბლოკავს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფასა და წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

უნგრეთის აღდგენის შეცვლილ გეგმასთან დაკავშირებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას ახლა ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაუჭირონ მხარი. როგორც „როიტერი“ წერს, შესაძლოა, ეს 8 დეკემბერს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე მოხდეს.

უნგრეთის აღდგენის განახლებული გეგმა რამდენიმე წლის განმავლობაში 10,4 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.