ევროკომისიამ უკრაინისთვის 600 მილიონი ევროს დახმარების გამოყოფაზე უარი განაცხადა
ევროკომისიამ უკრაინისთვის 600 მილიონი ევროს დახმარების  გამოყოფაზე უარი განაცხადა

ევროკომისიამ უკრაინისთვის 600 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მესამე ტრანშის გამოყოფაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროკომისია უკრაინას ფინანსური დახმარების სანაცვლოდ წაყენებული გარკვეული მოთხოვნების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

როგორც უკრაინული მედია წერს, შეუსრულებელ მოთხოვნებს შორის არის ელექტრონული დეკლარაციების ავტომატური შემოწმების ამოქმედება და უკრაინის ეროვნული ბანკის საკრედიტო რეესტრის კანონის მიღება.

ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინამ გათვალისწინებული 1,8 მილიარდი ევროდან, ორი ტრანშის სახით, 1,2 მილიარდი ევრო უკვე მიიღო.

ბრიუსელში აცახდებენ, რომ უკრაინამ ევროკავშირთან შეთანხმებული ვალდებულებების ძირითადი ნაწილი შეასრულა, მათ შორის, ყველაზე მთავარი – სახელმწიფო ფინანსების მართვის გამჭვირვალობის ზრდისკენ მიმართული ზომები; სასამართლო და ადმინისტრაციული რეფორმების დაწყება; ენერგეტიკის სფეროებში რეფორმების განხორციელება, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება.

„მოვუწოდებთ უკრაინას, შეინარჩუნოს რეფორმების იმპულსი მრავალ სფეროში, რომელიც წარმატებით განვითარდა და დაასრულოს ზომები, რომლებიც მიმდინარე პროგრამის ფარგლებში ხორციელდება“, -ნათქვამია განცხადებაში.

ამას გარდა, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რეფორმების დაჩქარების შემთხვევაში, მზად არიან, უკრაინას ახალი ფინანსური დახმარება გამოუყონ.