90 მილიარდი ევროს სასესხო მხარდაჭერის ფარგლებში, ევროკომისიამ უკრაინას 3.47 მილიარდი გამოუყო

15:30, 30.07.2026

90 მილიარდი ევროს ოდენობის უკრაინის სასესხო მხარდაჭერის ფარგლებში ევროკომისიამ ქვეყანას დღეს 3.47 მილიარდი ევრო გამოუყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

როგორც ევროკომისიაში აღნიშნავენ, დაფინანსება გამოიყო უკრაინის გადაუდებელი სამხედრო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რადგან ქვეყანა კვლავ საჭიროებს შესაძლებლობების გაძლიერებას რუსული აგრესიული ომისგან თავის დასაცავად.

„დღეს ჩვენ დამატებით 3.47 მილიარდი ევროს ინვესტიციას ვდებთ უკრაინის ცის დასაცავად. ჩვენი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პაკეტის ფარგლებში ამ ახალი გადარიცხვით უკრაინას საკუთარი ხალხის დაცვაში ვეხმარებით. ასევე, უფრო მეტად ვაახლოებთ ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიებს, რითაც ევროპის ინდუსტრიულ მასშტაბებს უკრაინის შეუდარებელ ინოვაციურ შესაძლებლობებთან ვაერთიანებთ. ეს არის ჩვენი ახალი შეთანხმება დრონების შესახებ, რომელიც უკვე პრაქტიკულ სახეს იღებს. დაე, ეს ახალი მხარდაჭერა მკაფიო გზავნილი იყოს, რომ რუსეთის ყოველი დარტყმა კიდევ უფრო აძლიერებს უკრაინის გადაწყვეტილებას, იყოს თავისუფალი და ჩვენს გადაწყვეტილებას, ვიდგეთ უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გამოყოფილი თანხა შორ მანძილზე მოქმედი რეაქტიული დრონების, რაკეტებისა და Gripen-ის ტიპის გამანადგურებლების დაფინანსებას მოხმარდება. მიზანია, უკრაინამ სწრაფად მიიღოს მისთვის საჭირო კრიტიკული აღჭურვილობა.

ევროკომიის ცნობით, უახლოეს კვირებში დრონების, საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვისა და რაკეტებისთვის კიდევ უფრო მეტი დაფინანსება დამტკიცდება. უკრაინისთვის ეს ნიშნავს იმ აღჭურვილობის სწრაფად მიღებას, რომელიც მას საჰაერო სივრცის დაცვასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დაეხმარება. ევროპისთვის კი ეს არის იმ ქვეყნის უწყვეტი მხარდაჭერა, რომლის უსაფრთხოებაც პირდაპირ არის დაკავშირებული თავად ევროპის უსაფრთხოებასთან.

მსგავსი