ევროკომისიამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების სწრაფად შემცირებისა და მწვანე ენერგიაზე დაჩქარებული გადასვლის გეგმა წარადგინა
ევროკომისიამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების სწრაფად შემცირებისა და მწვანე ენერგიაზე დაჩქარებული გადასვლის გეგმა წარადგინა

ევროკომისიამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების სწრაფად შემცირებისა და მწვანე ენერგიაზე დაჩქარებული გადასვლის გეგმა წარადგინა. ინიციატივა, რომლის სახელწოდებაა REPowerEU, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა.

„როგორც ვხედავთ, პუტინის ომი ძირს უთხრის გლობალურ ენერგობაზარს. ის აჩვენებს, ერთი მხრივ, რამდენად დამოკიდებული ვართ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე და ასევე გვაჩვენებს, რამდენად მოწყვლადები ვართ, როდესაც რუსეთს ვეყრდნობით წიაღისეული საწვავის იმპორტირებისას. შესაბამისად, ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეგვიძლია. დღეს წარმოვადგინეთ ამ მიზნების მიღწევის გეგმა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

წარმოდგენილი გეგმა რუსულ საწვავზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად სამ ძირითად ზომას ითვალისიწნებს – ენერგიის დაზოგვას, მიმწოდებლების დივერსიფიცირებასა და მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლის დაჩქარებას.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, გასულ წელს ევროკავშირში იმპორტირებული გაზის 40 პროცენტი რუსული იყო, წელს კი, აპრილში ეს მაჩვენებელი 26%-მდე შემცირდა.

„პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა ჩვენ უნდა დავაჩქაროთ. წარდგენილი გეგმით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შეგვიძლია რუსული წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება სამ დონეზე მუშაობით. პირველი ეხება მოთხოვნას და გულისხმობს ენერგიის დაზოგვას, არის მარტივი და ძალიან ეფექტიანი. მეორე ეხება მომარაგებას და გულისხმობს ენერგომიმწოდებლების დივერსიფიცირებას, რუსეთიდან სხვა სანდო მომწოდებლებზე გადასვლას და გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება, რაც ნიშნავს განახლებად ენერგეტიკაში მასშტაბური ინვესტიციების ჩადებას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის თქმით, გეგმა დიდ ინვესტიციებს და რეფორმებს საჭიროებს, რისთვისაც ევროკავშირი 300 მილიარდი ევროს მობილიზებას ახორციელებს. თანხის ძირითადი ნაწილი მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებას მოხმარდება.

როგორც ევროკომისიის ვებგვერდზეა ასევე აღნიშნული, დღეს ევროკავშირმა მიიღო საგარეო ენერგეტიკული სტრატეგია, რომელიც ენერგომიმწოდებლების დივერსიფიცირებას შეუწყობს ხელს და მომწოდებლებთან გრძელვადიანი პარტნიორობას ჩამოაყალიბებს. რუსეთის აგრესიის წინაშე ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას, მოლდოვას, დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, ასევე ყველაზე მოწყვლად პარტნიორებს.