ევროკომისიამ პოლონეთის სადავო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სასანქციო პროცედურა დაიწყო
ევროკომისიამ პოლონეთის სადავო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სასანქციო პროცედურა დაიწყო

ევროკომისიამ პოლონეთის სადავო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სასანქციო პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც პოლონეთის ხელისუფლებას შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა.

ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროცედურა პოლონეთის უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის გადარჩენისკენაა მიმართული.

საუბარია სეიმის მიერ დამტკიცებულ კანონზე უზენაესი სასამართლოს შესახებ, რომლის თანახმადაც მოსამართლეების საპენსიო ასაკი 70-დან 65 წლამდე შემცირდა და ამგვარად, მოსამართლეების ნაწილი პენსიაზე გასვლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. კანონი დღეიდან, 2 ივლისიდან შევიდა ძალაში.

როგორც ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი, უფლებამოსილების ამოწურვის ვადაზე ადრე პენსიაზე იძულებით გასვლის რისკის ქვეშ უზენაესი სასამართლოს 72 მოსამართლიდან 27 დგას. მოსამართლედ დარჩენას შეძლებს მხოლოდ ის, ვინც პრეზიდენტის თანხმობას მიიღებს. ამას გარდა, კანონის მიხედვით, პოლონეთის იუსტიციის მინისტრს შეუძლია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გათავისუფლებისა და დანიშვნის პროცედურის ინიცირება.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონი პოლონეთის სასამართლო ორგანოების დამოუკიდებლობის პრინციპს არღვევს და კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის. ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და პოლონეთს შორის მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის. პოლონეთის ხელისუფლებას ევროკომისიის განცხადებაზე პასუხისთვის ერთთვიანი ვადა ეძლევა, რომლის ამოწურვის შემდეგ ბრიუსელმა შესაძლოა, ევროკავშირის სასამართლოს პოლონეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართოს.

ამავე დროს, ევროკომისია მზადყოფნას გამოთქვამს, ვარშავასთან კანონის უზენაესობის შესახებ დიალოგი გააგრძელოს.

ევროკომისია პოლონეთის მთავრობას სადავო სასამართლო რეფორმის გადახედვისკენ უკვე რამდენიმე თვეა მოუწოდებს. პოლონეთის მთავრობამ ბოლო ორ წელიწადში სასამართლო რეფორმის ფარგლებში 15-მდე ახალი კანონი მიიღო.