ევროკომისიამ ისრაელის წინააღმდეგ სანქციები წარადგინა, ინიციატივა ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს
ევროკომისიამ ისრაელის წინააღმდეგ სანქციები წარადგინა ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების, სამხედრო ოპერაციის გააქტიურებისა და დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების შენების გეგმის შესრულების გაგრძელების გამო.
როგორც წარდგინებაშია აღნიშნული, სანქციები ითვალისწინებს „ისრაელსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულების შეჩერებას, ასევე ექსტრემისტი მინისტრების, დასავლეთ სანაპიროზე მოძალადე ახალმოსახლეებისა და „ჰამასის“ წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას“.
ევროკომისია ასევე აჩერებს ისრაელის მიმართ ორმხრივ მხარდაჭერას, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მუზეუმის, იად ვაშემის მხარდაჭერის გარდა. ეს ეხება 2025-2027 წლის დახმარებას, ასევე თანამშრომლობის მიმდინარე პროექტებს და ევროკავშირი-ისრაელის რეგიონული თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს.
ევროკომისიის მიერ ინიციატივის წარდგენა მოხდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა შეისწავლა ისრაელის მიერ ასოცირების შეთანხმების მეორე მუხლის პირობების დაკმაყოფილება და დაადგინა, რომ ისრაელის მთავრობის ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევას. ეს ევროკავშირს ანიჭებს უფლებას, შეთანხმება ცალხმრივად შეაჩეროს.
ასოცირების შეთახმების სავაჭრო დებულებების შეჩერების გადაწყვეტილება საბოლოოდ ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, რომელსაც ამისთვის ხმათა კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება.
რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, ევროკომისია გამოდის წინადადებით, სანქციები დაუწესდეს ცხრა პირს, მათ შორის ორ მინისტრს – ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-გვირსა და ფინანსთა მინისტრ ბეზალელ სმოტრიჩს, და დასავლეთ სანაპიროს ახალმოსახლეებს, ასევე „ჰამასის“ პოლიტბიუროს 10 წევრს. პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღოს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ქალაქ ღაზაზე ისრაელის მთავრობის შეტევა ომის ახალი ესკალაციაა, რაც ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.
„ისრაელის მთავრობის შეტევა ქალაქ ღაზაში არის ომის ახალი ესკალაცია და ჰუმანიტარული კრიზისის კიდევ უფრო გამწვავება. დღეს მე წარმოვადგინე სანქციების ძლიერი პაკეტი „ჰამასის“ ტერორისტების, ისრაელის მთავრობის ექტსრემისტი მინისტრების და ასევე მოძალადე ახალმოსახლეების და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე არსებულ დაუსჯელობას უჭერენ მხარს.
ევროკომისიამ ასევე წარადგინა შეთავაზება ნაწილობრივ შეჩერდეს სავაჭრო შეღავათები. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, მიზანი არ არის ისრაელის დასჯა, მიზანია ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესება. ევროკავშირის ყველა წევრი თანხმდება, რომ სიტუაცია ღაზაში მიუღებელია. ომი უნდა დასრულდეს. ტანჯვა უნდა დასრულდეს და ყველა მძევალი გათავისუფლდეს“, – განაცხადა კალასმა.