ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისთვის გაფართოების სტრატეგიის დოკუმენტი გამოაქვეყნა
ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისთვის გაფართოების სტრატეგიის დოკუმენტი გამოაქვეყნა

ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისთვის გაფართოების სტრატეგია გამოაქვეყნა. დოკუმენტი ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

„დღეს ევროკომისიამ მიიღო პერსპექტივა „გაფართოების რეალური პერსპექტივა და ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერება დასავლეთ ბალკანეთთან“, რომელიც ადასტურებს რეგიონის ევროპულ მომავალს, როგორც საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ, სტაბილურ, ძლიერ და ერთიან ევროპაში გეოსტრატეგიულ ინვესტიციას. ის განსაზღვრავს თანამშრომლობის გაძლიერების პრიორიტეტებსა და სფეროებს, რაც მიმართულია დასავლეთ ბალკანეთის წინაშე არსებულ კონკრეტულ გამოწვევებზე რეაგირებისკენ, კერძოდ ფუნდამენტური რეფორმებისა და კარგი სამეზობლო ურთიერთობების საჭიროებისკენ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ ინდივიდუალურ შედეგებზე.

დოკუმენტში საუბარია ექვს ინიციატივაზე, რომელიც ევროკავშირმა უნდა განახორციელოს უახლოეს წლებში დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის მხარდასაჭერად. აღნიშნული ინიციატივები მიმართულია რეგიონში კანონის უზენაესობის, უსაფრთხოებისა და მიგრაციის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ, ასევე ევროპის ენერგოკავშირის გაფართოებისკენ და როუმინგის გადასახადის შემცირებისკენ. სტრატეგიაში ასევე ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი უნდა მოემზადოს ახალი წევრების მისაღებად, როგორც კი ისინი შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

სტრატეგიაში ცალკე თავი მონტენეგროსა და სერბეთის ევროინტეგრაციას ეხება, კერძოდ დოკუმენტში ჩამოთვლილია ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ამ ორმა ქვეყანამ უნდა გადადგას ევროკავშირში 2025 წლისთვის გასაწევრიანებლად.

ევროინტეგრაციის პირობად ევროკომისია პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, ასევე, მეზობლებთან ტერიტორიული დავის დარეგულირებას ასახელებს.

„დასავლეთ ბალკანეთის სტაბილურობასა და კეთილდღეობაში ინვესტირება ნიშნავს ევროკავშირის უსაფრთხოებასა და მომავალში ინვესტირებას. იმის მიუხედავად, რომ მოქმედი მანდატის ფარგლებში გაფართოება არ მოხდება, დღეს ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთის წინ ევროპულ გზას განსაზღვრავს. ძლიერი პოლიტიკური ნებით, რეალური და მდგრადი რეფორმებით და მეზობლებთან დავების მტკიცე გადაწყვეტილებით, დასავლეთ ბალკანეთი შეძლებს ევროპული პერსპექტივის გზაზე წინსვლას. მიაღწევენ თუ არა ისინი მიზანს, მათ ობიექტურ დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული. ევროკომისია იქნება მკაცრი, თუმცა ამავე დროს სამართლიანი. მე გავემგზავრები დასავლეთ ბალკანეთის თითოეულ ქვეყანაში მკაფიო გზავნილით – გააგრძელეთ რეფორმები და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ევროპული მომავლის მხარდაჭერას“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ევროკომისია არ განსაზღვრავს მოლაპარაკებებისა და გაწევრიანების პროცესის ვადას, თუმცა განსაზღვრავს კონკრეტულ პერსპექტივას. მისი თქმით, სტრატეგია ეხება, როგორც დასვალეთ ბალკანეთის მთელ რეგიონს, ისე რეგიონის თითოეულ ქვეყანას.

„დღეს ჩვენ დავამტკიცეთ დასავლეთ ბალკანეთის სტრატეგია, რომელიც რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივას განსაზღვრავს. მე ვთქვი არა ევროპული, არამედ ევროკავშირის პერსპექტივა, რადგან დასავლეთ ბალკანეთი ისედაც არის ევროპა. ის არის ევროპის ნაწილი ისტორიულად და გეოგრაფიულად“, – განაცხადა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.

„დღეს ჩვენ ვადასტურებთ, რომ ევროკავშირის კარი ღიაა დასავლეთ ბალკანეთისთვის, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნებით გარემოცულ ანკლავს და რომ ჩვენი შეთავაზება გულწრფელია. ახალი მიდგომით, რომელიც განმტკიცებელია კონკრეტული ზომებით, ჩვენ ვაძლიერებთ გაფართოების პროცესს, რაც მოითხოვს დიდ ძალსხმევას და რეფორმებს, განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ“, – განაცხადა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.