ევროკომისიამ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში, კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა
ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად დამატებით 6.1 მილიარდი ევრო გამოუყო. ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადებით, 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ფარგლებში ბრიუსელმა კიევისთვის დამატებით 6.1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა.
მათივე თქმით, აღნიშნული თანხით უკრაინა „პეტრიოტის“ სისტემებისთვის PAC-3-ის ტიპის რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საბრძოლო მასალას, დრონებსა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს შეიძენს.
„დღეს ჩვენ დავამტკიცეთ 6.1 მილიარდი ევრო, რათა დავეხმაროთ უკრაინას სხვადასხვა თავდაცვითი საშუალებების შესყიდვაში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის, საბრძოლო მასალის, დრონებისა და ელექტრონული ბრძოლის სფეროებში. ამ გადაწყვეტილებით უკრაინას უკვე შეუძლია, შეიძინოს „პეტრიოტის“ სისტემები, რომლებიც მას სჭირდება რუსეთის თავდასხმებისგან ცის უკეთ დასაცავად. წევრ სახელმწიფოებსა და ნატო-სთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და, ამავდროულად, გავაძლიერებთ ევროპის თავდაცვისუნარიანობას“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან, ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადებით, მიმდინარე წელს კომისიამ უკვე გამოყო 8.35 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის დასაფინანსებლად და უახლოეს მომავალში დამატებითი სახსრებიც გამოიყოფა.