ევროკომისია – ვგმობთ ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში ძალადობას, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმებს, დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის, მასზე რეაგირება კი პროპორციული უნდა იყოს

23:54, 18.10.2026

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ალბანეთში საპროტესტო აქციების დროს ძალადობას გმობენ.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციების დროს ძალადობა, მათ შორის ცეცხლის წაკიდების ფაქტები, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმები და საჯარო, თუ კერძო საკუთრების განადგურება, შემაშფოთებელია.

ევროკომისიის განცხადებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის.

„ჩვენ ვგმობთ ძალადობას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის ცეცხლის წაკიდების ფაქტებს, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმებსა და საჯარო, თუ კერძო საკუთრების განადგურებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის, მასზე რეაგირება კი კანონის ფარგლებში და პროპორციული უნდა იყოს. პასუხისმგებელი პირები კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად უნდა დაისაჯონ. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებები და ევროპული ღირებულებებია, რაც პატივისცემას იმსახურებს და რომელთა რეალიზებაც მშვიდობიანად უნდა მოხდეს. მივესალმებით ალბანეთის ხელისუფლების პირობას, რომ პროტესტის უფლება დაცული იქნება. ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ერთგულია და ამ გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს, არსებული უკმაყოფილება კონსტრუქციული დიალოგისა და მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ალბანეთში საპროტესტო აქციები მეექვსე დღეა, იმართება. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას ითხოვენ. სტუდენტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.

მსგავსი