ევროკომისია - უნდა გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონები, შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში
თავიდან უნდა იქნეს აცილებული და გაუქმებული ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება, ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს – ამის შესახებ ნათქვამია „ვიზალიბერალიზაციის შესახებ“ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულების შეფასებას მოიცავს.
ანგარიშის თანახმად, იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის ყველა კრიტერიუმის შესრულება და თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურება, უნდა იქნეს მიღებული გადაუდებელი ზომები ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი პუნქტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების გაუქმებას ეხება.
„თავიდან უნდა იქნეს აცილებული და გაუქმებული ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება, ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს და ეწინააღმდეგებოდეს შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და შევიდეს ცვლილებები ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტიქ პირთა უფლებების სრულად დაცვა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, გარკვეული კატეგორიის პირებთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.