ევროკომისია - საქართველომ გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან კავშირების გასაძლიერებლად და გაზარდა რეფორმების გატარების ტემპი ბოლო თვეებში
ევროკომისია - საქართველომ გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან კავშირების გასაძლიერებლად და გაზარდა რეფორმების გატარების ტემპი ბოლო თვეებში

მიმდინარე კვირას ევროპის საბჭოს მივეცით რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქართველომ გადადგა ნაბიჯები ევროკავშირთან კავშირების გასაძლიერებლად და გაზარდა რეფორმების გატარების ტემპი ბოლო თვეებში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროკომისიის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ინფორმაციას თან ერთვის ევროკომისიის გაფართოების ანგარიში საქართველოს შესახებ, სადაც შეფასებულია ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.

ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოში პროგრესი ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჯარო სამსახურის რეფორმა, საჯარო ფინანსების მართვა, საარჩევნო რეფორმა, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკა, ეკონომიკური და მონეტარული პოლიტიკა, საწარმოო და ინდუსტრიული პოლიტიკა, განათლება და კულტურა, მეცნიერება და ინოვაციები.

ანგარიშში დადებითად ფასდება საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები და აღნიშნულია, რომ ქვეყანაში არის სტაბილური მაკრო-ეკონომიკური მდგომარეობა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა აისახა ფისკალური დეფიციტის, ამავდროულად, ქვეყნის საგარეო ვალის მნიშვნელოვნად შემცირებაში.

გარდა ამისა, ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახელმწიფო ინსტიტუციების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების, მათი დემოკრატიული ზედამხედველობის გაზრდა, საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესება, სასამართლო რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ანტიკორუფციული საბჭოს დაარსება, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველყოფა.