ევროკომისია - საქართველო ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს ასრულებს, თუმცა ზოგიერთ სფეროში აუცილებელია მეტის გაკეთება
ევროკომისია - საქართველო ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს ასრულებს, თუმცა ზოგიერთ სფეროში აუცილებელია მეტის გაკეთება

საქართველო ვიზალიბერალიზაციის პირობებს ასრულებს, თუმცა ზოგიერთ სფეროში აუცილებელია მეტის გაკეთება, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე განთავსებულ პრესრელიზში, რომელიც ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გამოქვეყნდა.

ანგარიში დასავლეთ ბალკანეთისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის წევრი ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებას აფასებს. კერძოდ ანგარიში საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას, სერბეთს, მონტენეგროს, მაკედონიას, ბოსნიას და ალბანეთს ეხება.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე რვავე ქვეყანამ და მათ შორის საქართველომაც გასულ წელს მიიღო ზომები უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ, თუმცა მდგრადი შედეგების მისაღწევად მეტია გასაკეთებელი.

„საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნით უსაფუძვლო განაცხადების რიცხვის ზრდა შემაშფოთებელია“, – ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.

ასევე, ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობაზე. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე რვავე ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც.

„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები რვა ქვეყნიდან აქტიურად მოქმედებენ ევროკავშირში. ისინი ჩართულები არიან ადამიანთა ტრეფიკინგში, ბინების ძარცვაში, ფულის გათეთრებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კიბერდანაშაულებში“, – ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.

დატოვე კომენტარი