ევროკომისია პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერს
ევროკომისია პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერს

ევროკომისიამ პოლონეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პროცესი წამოიწყო. უპრეცედენტო გადაწყვეტილება ევროკავშირის წესდების მეშვიდე მუხლის ამოქმედებას ითვალისწინებს.

იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისიის რეკომენდაციას ევროკავშირის წევრი ქვეყნები გაიზიარებენ, პოლონეთს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება დროებით შეუჩერდება. ამავე დროს, ვარშავა მილიონობით ევროს დაკარგავს.

ბრიუსელი ვარშავას სასამართლო რეფორმების გამო ედავება და აცხადებს, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს, კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის. როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, რეფორმა, რომელიც პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა, მოსამართლეების დამოუკიდებლობას ზღუდავს.

„ეს ძალიან რთული დღეა არა მხოლოდ პოლონეთისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ასეთ დროს უკიდურესად მნიშვნელოვანია დიალოგი. სწორედ ამიტომ ვიწვევ პოლონეთის პრემიერს ბრიუსელში, რათა მოლაპარაკებები გაგრძელდეს“, – წერს ტვიტერში ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისია ევროკავშირის წესდების მეშვიდე მუხლის ამოქმედების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. მას მხოლოდ შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა შეუძლია. გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრები ხმების 2/3-ის მხარდაჭერის შემთხვევაში მიიღებენ.