ევროკომისია მსხვილი ინტერნეტკომპანიებისთვის გადასახადების დაწესების ინიციატივით გამოდის
ევროკომისია მსხვილი ინტერნეტკომპანიებისთვის გადასახადების დაწესების ინიციატივით გამოდის

ევროკომისია მსხვილი ინტერნეტკომპანიებისთვის გადასახადების დაწესების ინიციატივით გამოდის. როგორც ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში ევროკმისარმა პიერ მოსკოვიჩმა განაცხადა, მათ მიერ შემუშავებული პაკეტი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტში არსებობენ, 3%-იანი გადასახადის დაწესებას გულისხმობს.

„დღეს სულ უფრო მეტი კომპანია ოპერირებს ინტერნეტ ქსელში და არანაირი ფორმით არ არიან წარმოდგენილები რეალურ სამყაროში. მომხმარებლის ერთი დაწკაპუნება და ერთი მოწონებაც კი ზრდის მათ სარეკლამო რეიტინგს და წარმოადგენს ათეულობით ტრანზაქციის საფუძველს. დღეს შექმნილია ე.წ. იურიდიული ვაკუუმი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებს, რომლებსაც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიაზე ფიზიკური წარმომადგენლობა არ აქვთ, გადასახადს ვერ დაუწესებ. ეს კი ინტერნეტ კომპანიებსა და რეალურ ეკონომიკაში მოქმედ საწარმოებს შორის არათანაბარ კონკურნეციას აჩენს“ – განაცხადა მოსკოვიჩმა.

როგორც ევროკომისია მიიჩნევს, ინტერნეტ კომპანიებისთვის ახალი გადასახადის დაწესებით, ევროკავშირი წელიწადში დამატებით 5 მილიარდი ევროს ოდენობით შემოსავალს მიიღებს. პიერ მოსკოვიჩი აცხადებს, რომ ახალ გადასახადზე შეთანხმება წლის ბოლომდე იქნება მიღწეული.

წარმოდგენილი წინადადება მხოლოდ იმ კომპანიების დაბეგვრას ითვალისწინებს, რომელთა წლიური ბრუნვა 7 მილიონ ევროს შეადგენს, ან 100 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ. როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, ეს შეეხება სოციალურ ქსელებს და საძიებო სისტემებს. ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც სხვადასხვა პროდუქციას ინტერნეტით ყიდიან.