ევროკომისია მაკედონიის ხელისუფლებას მოუწოდებს, რეფერენდუმის ჩავარდნის შემდეგ, მომდევნო ნაბიჯები გადადგას
ევროკომისია მაკედონიის ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგას მომდევნო ნაბიჯები მას შემდეგ, რაც ქვეყნის სახელწოდების შეცვლის შესახებ რეფერენდუმი არასაკმარისი აქტივობის გამო ვერ შედგა.
როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, იოჰანეს ჰანის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო უბნებზე მისული მოსახლეობის უმეტესობამ მხარი დაუჭირა საბერძნეთთან კონფლიქტის დარეგულირებას.
„ახლა პარლამენტი უნდა გამოვიდეს სახელწოდების შეცვლის შესახებ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯების ინიციატივით და მიიღოს გადაწყვეტილება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, – ნათქვამია მოგერინისა და ჰანის ერთობლივ განცხადებაში.
ბრიუსელი მაკედონიელ პოლიტიკოსებს მოუწოდებს, პოლიტიკური ორიენტაციის განურჩევლად, გააცნობიერონ საბერძნეთთან კონფლიქტის დარეგულირებაზე მათი პასუხისმგებლობა.
„ეს არის ისტორიული შესაძლებლობა არა მხოლოდ რეგიონში უთანხმოების დასარეგულირებლად, არამედ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვისაც“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამავე დროს, მოგერინისა და ჰანის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მომავალშიც დაუჭერს მხარს მაკედონიის ხელისუფლებასა და მოქალაქეებს. ევროკომისრები ასევე აღნიშნავენ, რომ რეფერენდუმი დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად, მშვიდ გარემოში ჩატარდა.
30 სექტემბერს გამართულ რეფერენდუმში 1,8 მილიონი ამომრჩევლიდან მხოლოდ 37-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. იმისთვის, რომ რეფერენდუმი შედგეს, საჭიროა ამომრჩეველთა 50%-ზე მეტის მონაწილეობა. მაკედონიაში გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა 91-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა საბერძნეთთან მიღწეულ შეთანხმებას მაკედონიის სახელის შეცვლის შესახებ. რეფერენდუმი სარეკომენდაციო ხასიათის იყო, ამიტომ ახლა ქვეყნის სახელწოდების შესახებ დისკუსია მაკედონიის პარლამენტში გაგრძელდება. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ხმების ორი მესამედი.
საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის შემთხვევაში, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის ახალი სახელწოდება, „ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ იქნება. ამგვარად, მაკედონია საბერძნეთთან მრავალწლიან დავას დაარეგულირებს, რომელიც მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ბლოკავდა.