ევროკომისია და უკრაინა 2027 წლისთვის გათვალისწინებული 45 მილიარდი ევროს გამოყოფის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ

01:06, 02.10.2026

ევროკომისია და უკრაინა 2027 წლისთვის გათვალისწინებული 45 მილიარდი ევროს გამოყოფის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ. თანხა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 90-მილიარდიანი ფინანსური პაკეტის ნაწილია.

ევროკომისიისა და უკრაინის ერთობლივი განცხადების თანახმად, 2027 წლისთვის გათვალისწინებული თანხის გამოყოფა დაჩქარდება, რათა უკრაინამ ფინანსური და თავდაცვითი საჭიროებების დასაფარად თანხებზე წვდომა უფრო სწრაფად მიიღოს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკომისიასთან მოლაპარაკებებმა „კარგი შედეგი“ გამოიღო.

„ევროკომისიასთან ჩვენმა დიალოგმა კარგი შედეგები მოიტანა 2026 და 2027 წლების უკრაინის ფინანსური და თავდაცვითი საჭიროებების მოგვარების თვალსაზრისით. შევთანხმდით ფორმატზე, ვადებსა და აუცილებელ ნაბიჯებზე, რათა საჭიროებების სრულად დაფარვა უზრუნველვყოთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ევროკომისიისა და უკრაინის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანხის მიღება იმ პირობების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც უკრაინამ ევროკავშირის წინაშე აიღო, მათ შორის რეფორმების განხორციელებაზე.

ევროკავშირის მაღალჩინოსნის განცხადებით, როგორც კი უკრაინა შეთანხმებულ პირობებს შეასრულებს, თანხა დაუყოვნებლივ გაიცემა. ევროკავშირისა და უკრაინის წარმომადგენლები ასევე შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მუშაობას უკრაინის დამატებითი საბიუჯეტო და თავდაცვითი საჭიროებების განსაზღვრაზე და ამ საკითხებზე კოორდინაციისთვის ყოველთვიურ შეხვედრებს გამართავენ.

ევროკავშირი ასევე მოუწოდებს სხვა პარტნიორებს, მათ შორის „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს, შეასრულონ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისთვის აღებული ვალდებულებები და დახმარება გააძლიერონ.

„ყველა მხარე შეთანხმდა, რომ სხვა პარტნიორებმაც უნდა შეასრულონ ფინანსური ვალდებულებები და გააძლიერონ ძალისხმევა იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც უკრაინა დგას”,- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

მსგავსი