ევროკომისია ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს
ევროკომისია ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს

ევროკომისია ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით თავის რეკომენდაციას ადასტურებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა დაწერა.

იოჰანეს ჰანმა დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.

„კარგი ამბები ალბანეთისთვის და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის. ევროკომისია ადასტურებს თავის შარშანდელ რეკომენდაციებს ორივე ქვეყანასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, – დაწერა ევროკომისარმა.

კომიტეტის სხდომაზე იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ალბანეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ რეფორმებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და საიმედო პარტნიორის რეპუტაციის შესანარჩუნებლად ევროკავშირმა თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

როგორც მოსალოდნელია, ორ ბალკანურ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხი ივნისში ევროკავშირის სამიტზე განიხილება.