ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში - ძალიან ვაფასებ იმას, რასაც საქართველო აკეთებს რეგიონული როლის შესრულების თვალსაზრისით
ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში - ძალიან ვაფასებ იმას, რასაც საქართველო აკეთებს რეგიონული როლის შესრულების თვალსაზრისით

ძალიან ვაფასებ იმას, რასაც საქართველო აკეთებს რეგიონული როლის შესრულების თვალსაზრისით, შუა დერეფნის განვითარებისთვის ძალისხმევის კოორდინაციაში – დერეფნის, რომელიც ესოდენ აუცილებელია ევროპასა და აზიას შორის კავშირისთვის. ასევე განვიხილეთ ინვესტიციები და ერთობლივი პროექტები, – ამის შესახებ ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში ადინა ვალეანმა ლევან დავითაშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ლევან დავითაშვილსა და ევროკომისარს შორის საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობისა და მისი პერსპექტივების გარშემო, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო წარიმართა.

ადინა ვალეანის ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერთან შეხვედრის მნიშვნელოვანი თემა იყო ევროპასა და საქართველოს შორის რეგულაციების შემდგომი ჰარმონიზება და ნაბიჯები თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ლევან დავითაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ევროკომისიაში, სადაც განხილვის მთავარი თემებია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება და თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრებზე ასევე განიხილავენ საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.