ევროკომისარი მარტა კოსი - მოვუწოდებ თურქეთის ხელისუფლებას, დაიცვას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და გამოხატვის თავისუფლება
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი მოუწოდებს თურქეთს, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე დაიცვას მედიისა და გამოხატვის თავისუფლება.
ამის შესახებ ევროკომისარმა, მარტა კოსმა სოიალურ ქსელ „იქსში“დაწერა.
„თავისუფალი პრესა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის. მოვუწოდებ თურქეთის ხელისუფლებას, დაიცვას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და გამოხატვის თავისუფლება. ბოლოდროინდელი დაკავებები, დეპორტაციები, ჯარიმები და თავისუფალი პრესისთვის მაუწყებლობის აკრძალვები ეწინააღმდეგება თურქეთის ვალდებულებებს და დემოკრატიულ ტრადიციას. მე ასევე შევახსენებ, რომ შეკრების თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომლის ვალდებულება თურქეთს ეკისრება როგორც ევროპის საბჭოს წევრ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას“, – წერს მარტა კოსი.
თურქეთში სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების გამო საპროტესტო გამოსვლები 19 მარტის შემდეგ იმართება, რა დროსაც ასობით დემონსტრანტი დააკავეს.
ამასთან, თურქეთში 10 დღით შეაჩერეს ოპოზიციური ტელევიზიის მაუწყებლობა. გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან BBC News-ის კორესპონდენტი გააძევა, რომელიც თურქეთში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, ასევე თურქეთში შვედი ჟურნალისტი დააკავეს.
ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მოიაზრება, კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.