ევროკომისარი მაიკლ მაკგრატი - გასულ წლის ოქტომბრიდან დამატებით 24 მილიონი ევრო გამოიყო საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის მხარდასაჭერად
გასულ წლის ოქტომბრიდან დამატებით 24 მილიონი ევრო გამოიყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად საქართველოში, – ამის შესახებ ევროკომისარმა მაიკლ მაკგრატმა ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატების დროს განაცხადა.
„მზარდი რეპრესიული კონტექსტის მიუხედავად, ჩვენ განვაგრძობთ დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დამცველების, დამოუკიდებელი მედიისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების დახმარებას. უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებული იყვნენ ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერის შესახებ მათი საზოგადოებისთვის, იმ დემოკრატიული ღირებულებების შესახებ, რომლებსაც ვიცავთ და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც მზად ვართ, შევთავაზოთ მათ ქვეყანას, თუ ხელისუფლება თავის მიმდინარე კურსს შეცვლის“, – აღნიშნა მაკგრატმა.
ამასთან, მისივე თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას.
„ჩვენი კარი კვლავ ღია რჩება საქართველოსთვის, თუ ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის კურსს შეცვლის და გამოხატავს მტკიცე ერთგულებას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ“, – განაცხადა მაიკლ მაკგრატმა.