ევროკომისარი მაგნუს ბრუნერი – ესპანეთის ხელისუფლებისგან ველოდებით უზრუნველყოფას, რომ სეუტაში შექმნილი ვითარების საპასუხო ზომები გავლენას არ მოახდენს შენგენის ზონაზე
ევროკომისია აკრიტიკებს მადრიდის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ესპანეთმა იტალიიდან ჩასულ მგზავრებზე ერთი თვით სასაზღვრო კონტროლი დააწესა.
შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარი მაგნუს ბრუნერი აცხადებს, რომ ესპანეთის მიერ სეუტაში მიგრანტების კრიზისის საპასუხოდ მიღებული ზომები არ უნდა ზღუდავდეს მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლებას.
„ჩვენ ველოდებით, რომ ესპანეთის ხელისუფლება, მაროკოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, შეასრულებს თავის ვალდებულებას, უზრუნველყოფს, რომ მიმდინარე სიტუაციის საპასუხოდ მიღებული ზომები გავლენას არ მოახდენს შენგენის ზონაზე. ბრიუსელის პოზიცია ესპანეთის პასუხისმგებლობის საკითხში ასახავს წევრი სახელმწიფოების მიერ სამშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე გამოთქმულ შეხედულებებს. კომისია მჭიდრო კონტაქტშია ესპანეთის ხელისუფლებასთან, რათა სწრაფად შეაფასოს მათი საჭიროებები და აუცილებლობის შემთხვევაში მხარდაჭერა უზრუნველყოს“, – განაცხადა ბრუნერმა.
მისი თქმით, სეუტაში არსებული სიტუაცია, პირველ რიგში, ესპანეთის ხელისუფლების საქმეა, რომელიც პასუხისმგებელია ლტოლვილთა მიღების სისტემის მართვაზე.
ცნობისთვის, ესპანეთმა იტალიის მიმართ საპასუხო ზომები გააქტიურა და იტალიიდან ჩასულ ყველა მგზავრს სასაზღვრო კონტროლი დაუწესა. ახალი რეგულაცია ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთი კვირით ადრე იტალიამ ანალოგიური ზომები შემოიღო ესპანეთის ანკლავ სეუტაში მაროკოდან მიგრანტების შეჭრის ფონზე.
ესპანეთსა და იტალიას შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც ესპანეთმა იტალიას მოსთხოვა, 9 აგვისტომდე გაეუქმებინა ესპანეთიდან იტალიაში ჩასული მგზავრებისთვის დაწესებული შეზღუდვები, რაზეც რომმა უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ სასაზღვრო შემოწმება, სულ მცირე, 15 აგვისტომდე შენარჩუნდება.