ევროკომისარი მაგნუს ბრუნერი – ევროკავშირმა მაროკოსთან მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს
ევროკავშირმა მაროკოსთან მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად თავის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მათ შორის სავიზო და სავაჭრო პოლიტიკა უნდა გამოიყენოს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა მესამე ქვეყნებთან დაბრუნებისა და რეადმისიის საკითხებში და გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი ეფექტიანი პარტნიორობის უზრუნველსაყოფად.
„სეუტაში მომხდარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ: იმისთვის, რომ ვითარებას ვაკონტროლებდეთ, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა აუცილებელია. თუმცა, თუ საზღვრის კონტროლი მხოლოდ ერთი მეზობელი სახელმწიფოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ჩვენ დაუცველ მდგომარეობაში ვრჩებით“, – განაცხადა ბრუნერმა.
სეუტის მერმა, ხუან ხესუს ვივასმა კი ევროპარლამენტარებს განუცხადა, რომ საზღვრის მასობრივი გადაკვეთის დროს დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 000-დან 5 000-მდე მიგრანტი კვლავ სეუტაში რჩება.
„დღეს ამას კვლავ ვიმეორებ მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ვნახე ის, რაც ვნახე: მაროკო საიმედო ქვეყანა არ არის“, – განაცხადა ვივასმა.
ამასთან, მისივე თქმით, ევროპასა და აფრიკას შორის არსებული ერთადერთი სახმელეთო საზღვრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა არა მაროკომ, არამედ ევროპამ უნდა აიღოს.