ევროკავშირში უკრაინის ელჩი პარტნიორებს დონბასში მომხდარზე მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს
ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენლობამ ორგანიზაციას დონბასში რუსეთის ახალი თავდასხმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მოუწოდა, პარტნიორებს მომხდარზე მკაცრი რეაქცია ჰქონდეთ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„დონბასში რუსეთის მორიგი ცინიკური თავდასხმა მოხდა. დღეს რუსეთისა და მის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა შეტევა და პოზიციების დაბომბვა დაიწყეს. დაიღუპა ერთი სამხედრო, ოთხი დაჭრილია“, – წერს ევროკავშირში უკრაინის ელჩი ნიკოლაი ტოჩიცკი „ტვიტერზე“.
მანამდე მომხდარს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გამოეხმაურა. მან რუსეთის ქმედების გამო შეშფოთება გამოთქვა.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით პრორუსმა მებრძოლებმა სოფელ ზოლოტოეს მახლობლად ძალთა ე.წ. დაშორიშორების ხაზის გადაკვეთა სცადეს და უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკების შედეგად გარდაიცვალა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, ოთხმა კი მსუბუქი ჭრილობები მიიღო.