ევროკავშირში აშშ-ის ელჩი - აშშ-ის არ სურს ევროკავშირის დასუსტება ან დაშლა, სურს, ევროპამ ეროვნული ფასეულობები შეინარჩუნოს, რადგანაც ეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საყრდენია
ევროკავშირში აშშ-ის ელჩის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ სურს ევროკავშირის დასუსტება ან დაშლა, თუმცა სურს, ევროპამ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული ფასეულობები, რადგანაც ეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საყრდენია.
ამის შესახებ ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ენდრიუ პაზდერმა ვრცლად ისაუბრა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროპა კურსს თუ არ შეცვლის, მას ცივილიზაციური დაღუპვა ემუქრება.
ამ დოკუმენტის შინაარს ევროპაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
„ევრონიუსთან“ საუბარში ენდრიუ პაზდერმა განაცხადა, რომ ამ დოკუმენტში გამოთქმული სურვილი, ევროპამ „სიდიადე“ დაიბრუნოს, არ უნდა იყოს აღქმული როგორც თავდასხმა, არამედ როგორც რეკომენდაციების კრებული, რომელიც მიმართულია ევროპის გაძლიერებისკენ.
„დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპა სტრატეგიულად და კულტურულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის. ევროპა არის გლობალური ეკონომიკისა და ამერიკული კეთილდღეობის ღერძი“, – განაცხადა ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა.
დიპლომატმა ასევე უარყო, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ევროკავშირის დასუსტება ან დაშლა სურს, თუმცა თქვა, რომ ვაშინგტონის სურვილია, ევროპამ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და ეროვნული ფასეულობები, რადგანაც ეს არის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საყრდენი.
„კითხვა ისმის, სუვერენიტეტის რა წილი დათმეს ევროკავშირის ქვეყნებმა, რომ იყვნენ ეკონომიკური კავშირის წევრი? დათმეს კი მათ სუვერენიტეტის ის ნაწილი, რომლითაც თავად უნდა განსაზღვრავდნენ, ვინ შევა ან ვინ დატოვებს ქვეყნებს? დათმეს სუვერენიტეტი კულტურულ საკითხებზე, რომლებიც შესაძლოა, განსხვავებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში?“ – განაცხადა პაზდერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ევროპის იდენტობის შენარჩუნება ნიშნავს, რომ ის უნდა იყოს თეთრკანიანი და ქრისტიანული მრწამსის, ელჩმა უპასუხა, რომ საუბარია საერთო იდენტობასა და სოციალურ ერთიანობაზე, რაც უნდა იყოს დაცული.
„იგივე ეხება აშშ-საც. ჩვენ თუ უარვყოფთ საზოგადოების ძირითად პრინციპებს, მაშინ სწორედ ასეთი ადამიანების დანახვა არ გვსურს. ეს არის ის ხალხი, სადაც ხედავთ დანაშაულის ზრდას, ადამიანების კულტურული ღირებულებების შემცირებას. არსებობს ქალაქები, სადაც ევროპულ პოლიციას შესვლაც კი არ სურს. ჩვენ არ გვინდა, რომ შედეგად ევროპამ იდენტობა დაკარგოს“, – განაცხადა ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა.