ევროკავშირში არ გამორიცხავენ, რომ პოლონეთში რუსული გავლენის გამოძიების შესახებ მიღებული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიმართონ
ევროკავშირში არ გამორიცხავენ, რომ პოლონეთში რუსული გავლენის გამოძიების შესახებ მიღებული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიმართონ

ევროკავშირში არ გამორიცხავენ, რომ პოლონეთში რუსული გავლენის გამოძიების შესახებ მიღებული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიმართონ. ევროკავშირში შიშობენ, რომ პოლონეთის მთავრობამ ახალი კანონი, შესაძლოა, მიმდინარე შემოდგომას დაგეგმილი არჩევნების წინ ოპოზიციონერი კანდიდატების წინააღმდეგ გამოიყენოს.

„შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არ ვიყოყმანებთ აუცილებელი ზომების მისაღებად საჭიროებისამებრ, როცა დავინახავთ, რომ ასეთი ზომების სივრცე და საჭიროებაა“, – განაცხადა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

პოლონეთის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი ბრიუსელში ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს. კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხელი უკვე მოაწერა, ქვეყანაში რუსეთის გავლენის გამოსაძიებლად კომისიის შექმნას ითვალისწინებს. კომისიას შეეძლება, აუკრძალოს პირებს საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, თუ დაადგენს, რომ ისინი კრემლის გავლენის ქვეშ მოქმედებენ. პოლონეთის მთავრობა აცხადებს, რომ კანონი მიმართულია ქვეყანაში კრემლის აგენტების წინააღმდეგ, თუმცა კანონის კრიტიკოსები შიშობენ, რომ მთავრობამ, შესაძლოა, საკანონმდებლო ცვლილებები პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს ოპონენტების ჩამოსაშორებლად. პოლონეთის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის გამო შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც.