ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემის ცვლილებაზე ევროკომისია ინიციატივას წარადგენს
ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემის ცვლილებაზე ევროკომისია ინიციატივას წარადგენს

ევროკომისია ევროკავშირში ახალი წევრების მიღების სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ინიციატივას წარადგენს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ევროკომისია ეცდება, დააკმაყოფილოს საფრანგეთის მოთხოვნები, რომელმაც ევროკავშირში ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანება შეაჩერა.

ცვლილებები, რომლებსაც კომისია, სავარაუდოდ, 5 თებერვალს წარადგენს, მოქმედ წევრებს  უფლებამოსილებას მისცემს, შეაჩერონ ახალი წევრების მიღების პროცესი ან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები თავიდან დაიწყონ. ბალკანეთის რეგიონში აღნიშნული პროცესის განსახილველად დამატებითი სამიტები გაიმართება.

მაკრონს სურს, გამოჩნდეს გავლენიანად და ჩვენ შეგვიძლია, ამას დავეთანხმოთ, რადგან ფსონზე ევროკავშირის ავტორიტეტი დევს“ , – განუცხადა „როიტერს“ ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, რომელსაც რეფორმასთან კავშირი აქვს.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ევროკომისიის მიერ შემუშავებული ინიციატივა საფრანგეთის ზოგიერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა ახალი წევრების დაფინანსებისთვის საჭირო თანხების გამოყოფა ევროკავშირში უკვე გაწევრიანებული ღარიბი ქვეყნებისთვის გათვალისწინებული სახსრებიდან.

ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ ამგვარი გადაწყვეტილებით, ღარიბი წევრები ევროკავშირის გაფართოებას მხარს აღარ დაუჭერენ.

როგორც ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა სააგენტოს განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა საფრანგეთი მხარს ევროკომისიის ინიციატივას. გარდა ამისა, ახალ მიდგომას ევროკავშირის სხვა წევრებიც უნდა დაეთანხმონ.

გასული წლის ოქტომბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სერბეთის, კოსოვოს, მონტენეგროს, ალბანეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში მიღების პროცესი შეაჩერა. ევროკომისია იმედოვნებს, რომ საფრანგეთი თავის პოზიციას შეიცვლის ბალკანეთის სამიტამდე, რომელიც მაისში ზაგრებშია დაგეგმილი.

ემანუელ მაკრონი ერთ-ერთი გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსია, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ბოლო მსხვილი გაფართოება, როდესაც ბლოკს 2007 წელს რუმინეთი და ბულგარეთი შეუერთდნენ, ნაჩქარევი იყო.

ნოემბერში საფრანგეთმა ევროკავშირში ახალი წევრების მიღების წესების ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა გამოაქვეყნა.

დატოვე კომენტარი