ევროკავშირში აცხადებენ, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფენ
ევროკავშირში აცხადებენ, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფენ

ევროკავშირი კორონავირუსთან საბრძოლველად 230 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეს ლენარჩიჩმა და ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც ევროკომისარმა იანეს ლენარჩიჩმა აღნიშნა, ევროკავშირი ყველა მიმართულებით მუშაობს, რათა დაიცვას ევროკავშირის მოქალაქეები და სხვა ადამიანები ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. მისი თქმით, ევროკავშირი მთავარ პრიორიტეტს კორონავირუსის გავრცელების შეკავება წარმოადგენს.

„ეს არის გლობალური გამოწვევა და მთელი საერთაშორისო საზოგადოების თანამშრომლობას მოითხოვს. ის ასევე ქვეყნებში ყველა სექტორის კოორდინაციას მოითხოვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვაცხადებთ 230 მილიონ ევროზე მეტის მობილიზების შესახებ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში“, – აღნიშნა ლენარჩიჩმა.

​ლენარჩიჩის განცხადებით, აღნიშნული თანხიდან ევროკავშირი 114 მილიონ ევროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიაციას გამოუყოფს, 15 მილიონით კი, ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებს დაეხმარება, რათა მათ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ. 100 მილიონი ევრო სამეცნიერო კვლევებს, ვაქცინის შემუშავებასა და მკურნალობას მოხმარდება. კიდევ სამი მილიონი ევრო ჩინეთიდან ევროკავშირის მოქალაქეების რეპატრიაციაზე დაიხარჯება.

მსოფლიოში კორონავირუსს უკვე 2 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაავადება 29 ქვეყანაშია გამოვლენილი.