ევროკავშირმა ვენესუელას შესაძლოა, სანქციები დაუწესოს
ევროკავშირმა ვენესუელას შესაძლოა, სანქციები დაუწესოს

ევროკავშირი ვენესუელის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებას განიხილავს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ლათინური ამერიკის სახელმწიფოში არსებული ვითარების გამოსასწორებლად დაუყოვნებლივი ზომების მიღებაა საჭირო.

„ვენესუელაში კვირას გამართული საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლებოდა მოქალაქეებისთვის დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლო გამხდარიყო, რადგან ისინი თავად გადაწყვეტდნენ ქვეყნის მომავალს. თუმცა 20 მაისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების მინიმუმსაც კი არ აკმაყოფილებს. აღნიშნული პროცესი პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიას უგულებელყოფს“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ვენესუელაში გამართული არჩევნების შედეგები ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც არ ცნო. ოფიციალურმა ვაშინგტონმა დარღვევების გამო ლათინური ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციები უკვე დააწესა.